English / ქართული / русский /
ზურაბ წერეთელი
პანდემიით გამოწვეული საერთო ეკონომიკურიპ რობლემები და მოსალოდნელი პერსპექტივა

ანოტაცია. ნაშრომში წარმოდგენილია როგორც პანდემიის დროს ასევე მის შემდგომ პერიოდში უმრავლესი ქვეყნების საერთო ეკონომიკური პრობლემები, გამოწვევები და სირთულეები. აქცენტი ძირითადად გადატანილია კორონავირუსის (COVID 19) პანდემიაზე. წარმოჩენილია ის უარყოფით ასპექტები, რომელიც მსოფლიოს ყველა ქვენისთვის საერთოა. მოკლედ განხილულია საკითხები აღნიშნული პანდემიის დროს: 1) სახელმწიფოს როლი და დანიშნულება; 2) შემობრუნება ნაციონალიზმის თუ ნაციონალური სახელმწიფოს იდეისკენ; 3) გლობალიზაცია თუ ანტიგლობალიზაცია; 4) სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტები; 5) ნდობა სწავლულ-ექსპერტთა, პროფესიონალთა მიმართ.

დასკვნით ნაწილში გადმოცემულია კორონა ვირუსის ფონზე თუ როგორი იქნება შემდგომი პერიოდის მსოფლიო ეკონომიკის პერსპექტივები და აგრეთვე ზოგიერთი განხორციელებული(ან განსახორციელებელი) ღონისძიების პერსპექტივა:

საკვანძო სიტყვები: ეკონომიკური პრობლემები, პანდემია, ეკონომიკური გამოწვევები, გლობალური პრობლემები, კორონა ვირუსი, ეკონომიკური კრიზისი, შემდგომი პესპექტივა.

შესავალი

კორონავირუსის პანდემია მსოფლიოს ყველა ქვეყნის და მათ შორის საქართველოს ეკონომიკისთვისაც მოულოდნელ გამოწვევად მოგვევლინა, მისი მასშტაბიც უახლესი ისტორიის განმავლობაში უპრეცენდენტოა. საქართველო, ეკონომიკური გამოწვევების გამო, რთულ ვითარებაში აღმოჩნდა. მოვლენების განვითარების პერსპექტივის, მოსალოდნელი ჰუმანიტარული და ეკონომიკური ზიანის მოცულობის სრულად პროგნოზირება თითქმის შეუძლებელი გახდა.

დღეისათვის კაცობრიობა უდიდესი გამოწვევის წინაშე დგას. გამოწვევები ყოველთვის ახალი დღის წესრიგისა და გადაჭრის მექანიზმების შემუშავებას მოითხოვს. ამ დროს სახელმწიფოები და საზოგადოება გარკვეულ პროგრამებს აყალიბებს. დიდი და ძლიერი (ეკონომიკურად დაპოლიტიკურად) სახელმწიფოები თავის თავზე იღებენ არა მხოლოდ პრობლემების გადაჭრის გეგმების შემუშავების, არამედ ქმედითი ღონისძიებების განხორციელების მეთაურობას. ამ დროს, პატარა სახელმწიფოები თითქოს, ძლიერთა გადაწყვეტილებას უნდა ემორჩილებოდნენ და ძლიერთაგან იმათ რჩევებს უნდა გაყვნენ, რომელთა „პარტნიორებად“ თავის თავს გადაწყვეტენ.

ამჟამად, საქმე სხვაგვარადაა. სრულიად თანამედროვე სამყაროს და არა რომელიმე რეჟიმს – იქნება ეს დემოკრატიული თუ ტოტალიტარული (ავტორიტარული) – საერთო პრობლემის გადაჭრა უწევს. ყველა თითქოს თავის თავში ჩაიკეტა და თავად ცდილობს „თავიანთი“ პრობლემის გადაწყვეტას. სამყაროში თითქოს მძლავრად მიმდინარეობს ერთაშორისი გაუცხოება. მხოლოდ პატარა, მსოფლიოსთვის „ნაკლებმნიშვნელოვან“ სახელმწიფოებს კიდევ შერჩათ თავიანთი პოლიტიკური პარტნიორების/რეგენტების იმედი, მაგრამ ეს იმედიც მიზერულია. პრობლემის გადაწყვეტას ესაჭიროება პერსპექტივის განსაზღვრა. მიუხედავად იმისა, რომ ეს საფრთხე მთელი სამყაროს მასშტაბისაა, ამ კრიზისის თავისებურება იმით გამოიხატება, რომ სამყარო ჯერჯერობით მაინც დაქსაქსულია. ამ საშიშროებას(კრიზისს) კორონავირუსის (COVID–19) სახელი აქვს.

დღეს, ჩვენ, კაცობრიობამ, არ ვიცით, როდის დასრულდება ეს კრიზისი. არც ის ვიცით, როგორ დასრულდება ის; გრძელვადიან პერსპექტივაში, არც ის ვიცით, რა და როგორი პოლიტიკური და სამრეწველო-ეკონომიკური შედეგებით დამთავრდება. რა და როგორი აქ მნიშვნელოვანია, რადგან, რაოდენ მძიმეც არ უნდა იყოს, აუცილებელია განისაზღვროს როგორი იქნება, რათა ამ როგორის შესაბამისი ქმედებით და გადაწყვეტილებით გრძელვადიანი ხედვით ამოვიდეთ მისგან.

ყველა კრიზისული პერიოდი გაურკვევლობითა და არამდგრადობით ხასიათდება. ამის წინააღდმეგობრიობაა ასიათასობით ადამიანის ამ ვირუსით ინფიცირება, ამასთან მსოფლიო საზოგადოების გაურკვევლობა და არამყარი განცდა, რაც თავად ამ ვირუსზე მეტი უარყოფითი შედეგის მომტანი იქნება. ყველა კრიზისის დროს, და არა მხოლოდ კრიზისის გავლის შემდეგ, უნდა გამოითქვას მოსაზრება, რათა, ერთი მხრივ, გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან და შემდგომ ადეკვატურად გავაანალიზოთ იგი, სამომავლოდ უკეთ რომ გავითვალისწინოთ მისი გაკვეთილები. ეს, სამწუხაროდ, უმეტეს შემთხვევაში, არ ხდება იმ უბრალო მიზეზით, რომ სახელმწიფო და საზოგადოება თვითკმაყოფილების სიტკბოებაში იძირება და ყოველ გადალახულ კრიზისს თავისი სიძლიერის დასამტკიცებლად და სხვებზე გავლენის განსამტკიცებლად იყენებს. ეხლა კი ეს მოცემულობა არაფრის მომცემია. 

* * *

მიუხედავად ბოლო ათწლეულის მანძილზე მიღწეული დიდი პროგრესისა სამედიცინო, ბიოტექნოლოგიურ და გენეტიკის სფეროებში, მსოფლიო მაინც ძალზე მოუმზადებელი შეხვდა კორონავირუსის პანდემიას. შესაბამისად, დღეს მთავრობებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღება სრულად გადატანილია ჯანდაცვისა და ადამიანების სიცოცხლის გადარჩენის პრობლემებზე, რაც, რა თქმა უნდა, ასეც უნდა იყოს. თუმცა პარალელურად ალბათ უკვე გასაანალიზებელია ამ პანდემიის ეკონომიკური შედეგები; გასათვლელია, თუ რა გავლენას მოახდენს ეს პროცესი მსოფლიო ეკონომიკაზე.

     მიმდინარე კრიზისი სხვებისგან განსხვავებულია, თუმცა მაინც გვაქვს შესაძლებლობა მისი წინასწარი ანალიზისათვის. ამ შემთხვევაში, შეიძლება განსაკუთრებით გამოვყოთ რამდენიმე ძირითადი საკითხი:

1) სახელმწიფოს როლი და დანიშნულება. სხვადასხვა წლების ეკონომიკური კრიზისების პერიოდში, სახელმწიფოსადმი მოქალაქეებისა და სამოქალაქო საზოგადოების დამოკიდებულება სხვადასხვანაირი იყო. 2008-2009 წლების ფინანსური კრიზისის დროს, მრავალი სპეციალისტი თვლიდა, რომ სახელმწიფოს ხელისუფლების/მთავრობის მიმართ რწმენა გაიზრდებოდა, თუმცა, საბოლოოდ, ეს ასე არ მოხდა. სახელმწიფოსადმი რწმენის გაზრდის მოსაზრებებს ადასტურებდა 1929 წლის ეკონომიკური დიდი დეპრესიის ფაქტი, როცა სამოქალაქო საზოგადოება სახელმწიფოსგან მოითხოვდა მტკიცე, გადამჭრელ ნაბიჯებს საბაზრო ეკონომიკის (სამომხმარებლო და საწარმოო ბაზრის) გადასარჩენად დიდი სამთავრობო-ეკონომიკური ინტერვენციების მეშვეობით.

პანდემიის დროს, საზოგადოება მოითხოვს და ელოდება სახელმწიფოსგან ტოტალურ ჩარევას ამ კრიზისის მართვაში და მთლიანად სთხოვენ მას არა მხოლოდ საყოველთაო დაცვას მოცემული ვითარებისგან, არამედ მთელი ეკონომიკის (როგორც ინდუსტრიის, ისე სოფლის მეურნეობის) გადარჩენას.

შეიძლება ითქვას, რომ 2008-2009 წლების პარადოქსი ის იყო, რომ საბაზრო ეკონომიკისადმი უნდობლობამ არ გამოიწვია სახელმწიფოთა უმრავლესობისგან ეკონომიკური ინტერვენციების შემდგომი წახალისება, რასაც თავისი ახსნა ჰქონდა, რადგან სახელმწიფოები თავისი აგებულებით, მოწყობით, კონსტიტუციით ერთმანეთისგან განსხვავდებიან. ეს განსხვავება არა მხოლოდ დემოკრატიულ და ავტორიტარულ (ტოტარიტარულ) სახელმწიფოებს შორის შეინიშნება, არამედ თავად დემოკრატიულ სახელმწიფოებს შორისაც. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, თუ როგორია მათი დამოკიდებულება საბაზრო ეკონომიკისადმი. ლიბერალურ-დემოკრატიული თუ ნეოლიბერალური სახელმწიფოებისათვის საბაზრო ეკონომიკა, ყოველგვარი რეგულაციებისა და შეზღუდვების გარეშე, თავისუფალი საზოგადოების არსებობის შეუვალი პოსტულატია. სინამდვილეში კი, გარკვეული სოციალური „შეზღუდვების“ გარეშე, საბაზრო ეკონომიკა შეიძლება შრომის ექსპლოატაციის საუკეთესო შესაძლებლობად იქცეს, რა შემთხვევაშიც განაწილებითი თანასწორობის პრინციპი სრულიად მორღვეულია და არ ხორციელდება ადამიანების მიერ ერთმანეთის თანასწორი აღიარება. ამის საპირისპიროდ, დემოკრატიული სახელმწიფო მაშინ არის მართლაც თავისუფლების გარანტი, როდესაც ის სამართლებრივი და სოციალურია, როდესაც ყველა მოქალაქისთვის სიკეთის გადანაწილების თანასწორი და სამართლიანი პრინციპებია განხორციელებული: მაგალითად, ისეთები, როგორიცაა ყველასთვის თანასწორი ხელმისაწვდომობა განათლებაზე და ჯანმრთელობის სამედიცინო დაზღვევაზე. ამიტომ, ამ კრიზისმა შეუზღუდავი აბსოლუტური, ტოტალური საბაზრო ეკონომიკის ჭეშმარიტებაში შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ეჭვები.

თავად ტოტალიტარული, ავტორიტარული სახელმწიფოებისთვის და მემარჯვენე პოპულისტური მთავრობისთვისაც, რომლებიც დემოკრატიულ სივრცეში არსებობენ ხოლმე, ეს გამოწვევა მათი ფუნდამენტის რღვევის მიზეზი შეიძლება გახდეს, იქიდან გამომდინარე, რომ რწმენა ავტორიტეტში, ტოტალურობაში ირღვევა, როდესაც მას მასებისთვის პრობლემების გადაჭრა აღარ ძალუძს. სწორედ ახლა, ამ კრიზისის დაძლევისას, ძალმომრეობითი მთავრობა ისეთივე უსუსური ჩანს, როგორც, დიდწილად, ლიბერალურ-დემოკრატიული საზოგადოებები.

აღნიშნული განსაკუთრებით იმით არის მნიშვნელოვანი გააზრების საგანი, რომ უახლოეს მომავალში, ამ კრიზისის განმავლობაში, ყველა მთავრობა და მმართველობა შეიძლება დადგეს საშინელი დილემის წინაშე: ან მოახდინონ ეპიდემიის შეძლებისდაგვარად სწრაფი და მაქსიმალური ლოკალიზაცია, რამაც შეიძლება ეკონომიკის ჩამოშლა გამოიწვიოს, ანდა გადახდილ იქნეს დიდი ფასი და ადამიანთა სიცოცხლე შეეწიროს ეკონომიკის განვითარებას. თუმცა, ეპიდემიის შედეგებზე ჯერ ალბათ შეუძლებელია საუბარი.

ყოველ შემთხვევაში, რა და როგორი გადაწყვეტილებებიც არ უნდა მიიღონ, სახელმწიფოების მიერ ეს სრულ თანხმობაში უნდა მოდიოდეს სამოქალაქო საზოგადოებისა და ცალკეული ინდივიდის ინტერესთან და არ უნდა ჰქონდეს ადგილი ცალკეული საზოგადოებრივი ჯგუფების თვითნებურ გადაწყვეტილებებს, რაც ამ კრიზისულ სიტუაციას კიდევ უფრო დაამძიმებს.

2) შემობრუნება ნაციონალიზმის თუ ნაციონალური სახელმწიფოს იდეისკენ. 

იმ ტიპის ქვეყნებმაც კი, რომელთათვისაც ძირითად ღირებულებებსა და საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედს ინტერნაციონალიზმი და სახელმწიფოთაშორისი სოლიდარობა წარმოადგენდა, უკან გადადგეს ნაბიჯი ნაციონალური სახელმწიფოების სასარგებლოდ, რაც გამოიხატა იმაში, რომ ევროკავშირის შიგნით სახელმწიფოებმა ჩაკეტეს საზღვრები ეპიდემიისგან თავდაცვის მიზნით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ საშიშროების დაძლევისა და ამ მძიმე მდგომარეობიდან შეძლებისდაგვარად ნაკლები დანაკარგით გამოსვლის პროცესში, მსოფლიომ და ევროკავშირმა აირჩია ნაციონალური სახელმწიფოების როლის გაძლიერება.

მართლაც, ამ ვითარებაში, დღევანდელი გადასახედიდან, ერთი შეხედვით თითქოს აშკარაა, რომ თითოეული სახელმწიფო მხოლოდ თავის მოქალაქეებზეა კონცენტრირებული და სოლიდარობის ერთაშორისი პრინციპი თუ მთლიანად არ დაიკარგა, უკანა პლანზე მაინც გადაიწია. თუმცა, ნაციონალური სახელმწიფოების როლის წინ წამოწევამ არ უნდა გამოიწვიოს მსოფლიოს ეკონომიკური, სოციალური, კულტურული და აკადემიური დეზინტეგრაცია, რასაც, თავის მხრივ, მომავალში კიდევ უფრო მეტი და მძიმე კრიზისების გამოწვევა შეუძლია, რამდენადაც ნაციონალური სახელმწიფოებიდან ნაციონალისტურამდე და შოვინისტურამდე მცირე ნაბიჯი რჩება, თუ ნაციონალურობის, ინტერნაციონალურობის და სოლიდარობის ბალანსი არ შენარჩუნდა.

საგულისხმოა, რომ შედარებით უკეთეს მდგომარეობაში მყოფმა ევროპულმა სახელმწიფოებმა დროულად შეამჩნიეს ზემოაღნიშნული რისკები და პანდემიით გამოწვეული პირველი შოკის შემდეგ, კვლავ აქტიურად ჩაირთო უფრო მძიმე მდგომარეობაში მყოფთა მიმართ სოლიდარობის გამოხატვის ეფექტური მექანიზმები (მაგალითად, იტალიელი და ფრანგი/ელზასელი პაციენტების მკურნალობა გერმანიისა და შვეიცარიის კლინიკებში, ექიმებით, სამედიცინო ეკიპირებით მხარდაჭერა, ევროკავშირის მიერ დაანონსებული, პოსტ-კრიზისულ პერიოდში ეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად გამზადებული უზარმაზარი ფინანსური რესურსები და ა.შ.)

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ევროპის (უფრო მეტიც, ევროკავშირის წევრი) რამდენიმე ქვეყნის ლიდერი, ფაქტობრივად, ცდილობს საკუთარი ავტორიტარული მიდრეკილების განმტკიცებას, ნაციონალური სახელმწიფოს იდეის გაძლიერების წინა პლანზე წამოწევით, რაც აუცილებლად მოითხოვს ყურადღებას და მასზე შესაბამის რეაქციას.

რადგან კორონა-კრიზისის ამჟამინდელი ეპიცენტრი ევროპაშია, მასზე რეაგირების დინამიკიდან შესაძლოა გამოვთქვათ ფრთხილი ვარაუდიც, რომ აღნიშნული კრიზისი არათუ ბრიუსელიდან ცენტრიდანული პროცესების, არამედ ევროკავშირის კონკრეტული ერთიანი პოლიტიკების (მაგალითად, ფინანსურის, სამხედრო და სამხედრო-პოლიტიკურის) კიდევ უფრო მეტად გაძლიერების კატალიზატორიც კი შეიძლება აღმოჩნდეს, რაც ევროკავშირის ყველა ქვეყნის ინტერესებში შეიძლება შედიოდეს. ისტორიულად, სწორედ მსგავსი მასშტაბის დიდი კრიზისები იძლეოდნენ დიდი ნახტომების განხორციელების შესაძლებლობას.

3) გლობალიზაცია თუ ანტიგლობალიზაცია. 

კორონავირუსის კრიზისმა დღის წესრიგში დააყენა გლობალიზაციის და ანტიგლობალიზაციის პრობლემაც. ანტიგლობალისტებს შეიძლება დღეს, ერთი შეხედვით, სიმართლეც თავის მხარეს ჰქონდეთ, როდესაც ერების გადარჩენის საშუალებად ამ პერიოდში დახურულ საზღვრებს, აეროპორტებს, საზღვაო პორტებს და სახმელეთო მიმოსვლის სხვადასხვა საშუალებებს წარმოადგენენ. მაგრამ, თუ ანტიგლობალისტების სიმართლე ამ ეტაპზე გატარებულ და გასატარებელ დროებითი ღონისძიებების სისწორეზეა დაფუძნებული, მათ მაინც არ გააჩნიათ პრობლემის გადაჭრის ძირეული, არსობრივი ხედვები (გზები). ეს ასე არ იქნება, თუ გლობალიზაციის პოზიტიური აღნიშვნა ერთაშორისი თანასწორობის, აღიარების და სიკეთეთა თანასწორი გადანაწილების იდეაზე დაფუძნდება [1, გვ.22].

საგულისხმოა ის, რომ მსოფლიო „გლობალიზაციის“ დაპირისპირებული ბანაკების მთავარი იდეოლოგები თავად გამოეთიშნენ კორონა-კრიზისის დროს ამ პროცესს და თავის თავში ჩაიკეტნენ. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ამ იდეოლოგიური დაპირისპირების მიუხედავად, თავიანთი ეკონომიკური მოგების მიზნით, ეს ბანაკები არა თუ თანამშრომლობენ, არამედ რეალურად აძლიერებენ კიდეც ერთმანეთს გავლენის სფეროების განმტკიცება-გაფართოებისთვის ბრძოლაში. გამოდის, რომ ეს პრობლემაც სრულიად ახლებურადაა გასააზრებელი (მითუმეტეს, პატარა სახელმწიფოებისათვის, რომელთაც ძირითადად, თავიანთი შეზღუდული ძალებით უწევთ ამ და სხვა კრიზისებთან ბრძოლა). რადგან ყველა ერთ სამყაროში, დედამიწაზე ვცხოვრობთ, ერთმანეთისგან განცალკევება, ერთმანეთისთვის საზღვრების გრძელვადიანი ჩაკეტვა, ვირუსის გავრცელებას ვეღარ გააჩერებს, რადგან ვირუსიც ერთიანი ეკოსისტემის ნაწილია.

4)სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტები.

მნიშვნელოვანია არა რომელი, არამედ როგორი სახელმწიფოები აღმოჩნდნენ გაუცხოებული ვირუსის მიმართ. დღევანდელი გადასახედიდან აშკარაა, რომ ეს ისეთი სახელმწიფოებია, რომელთა საფუძველიც სოციალური თანასწორობაა და რომელთაც ინდუსტრია და სოფლის მეურნეობა სათანადოდ აქვთ განვითარებული; – ისეთები, რომელთაც სოციალური დაცვის სისტემები მეტნაკლებად მაღალ დონეზე აქვთ წარმოდგენილი, რასაც, ასევე, ჯანმრთელობის დაზღვევის სამედიცინო სისტემა განეკუთვნება. ამიტომაც, ყურადსაღებია ყველა ქვეყანამ მომავლისთვის სწორად განსაზღვროს თავისი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტები.

5) ნდობა სწავლულ-ექსპერტთა, პროფესიონალთა მიმართ. 

კორონავირუსმა კიდევ ერთი საკითხი დააყენა დღის წესრიგში: მეცნიერ-სწავლულებისადმი იმედი, რწმენა და მოთხოვნა გაიზარდა. არა მხოლოდ რომელიმე ერთ ქვეყანაში, არამედ მსოფლიო საზოგადოებაში. თუ წინა ეკონომიკური და ლტოლვილთა კრიზისების დროს მეცნიერ-ექსპერტთა მოსაზრებები მოსახლეობის დიდ ან გარკვეულ ნაწილში უკმაყოფილებას იწვევდა მემარჯვენე პოპულისტების პროპაგანდის საფუძველზე, ახლა მდგომარეობა სხვაგვარადაა, რადგანაც კაცობრიობა შველას სწორედ მეცნიერ-ექსპერტებისგან ელის. ეს კი უშუალო კავშირშია სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო პრიორიტეტების განსაზღვრასთან, რაც, პირველ რიგში, აკადემიურ სივრცეში ხორციელდება.

 აკადემიური სივრცე, ისე როგორც არასდროს, მოთხოვნადი გახდა. აქ საქმე არ ეხება მხოლოდ სამედიცინო სფეროს, არამედ ისეთ სფეროებსაც, რომლებიც უშუალოდ ან ირიბად გადამწყვეტ როლს თამაშობენ კრიზისის დაძლევაში. ესენია: აგრარული, საინჟინრო-ტექნოლოგიური, ფუნდამენტური საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მაგრამ, ამავე დროს, რადგან კორონა ვირუსის ეპიდემია საერთო საკაცობრივო პრობლემაა, ხოლო კაცობრიობა ერთმანეთთან მორალური კომუნიკაციის ორგანიზმია, მოთხოვნადია ის უნდა იყოს  სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები, რომლებიც სამართლიანობის, ზნეობრიობის და მორალურობის კვლევითაა დაკავებული[1, გვ.25].

საინჟინრო ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მათი გაჩენის დღიდან მეტნაკლები ინტენსივობით სხვადასხვა დროს ხდებოდა მოთხოვნადი. მაგრამ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ცხადი გახდა, რომ მათი პოპულარობა მხოლოდ ტექნოლოგიური განვითარების შედეგად მიღებული სიკეთეებითა და ფინანსური მოგების გაზრდით განისაზღვრებოდა, რომელიც, ხშირ შემთვევაში, არათუ კავშირში, არამედ სრულ დაპირისპირებაში იყო ადამიანობის არსებობის საფუძველთან – მორალურობასთან (ზნეობრიობასთან). ასეა თუ ისე, აკადემიური პროფესიონალიზმი აუცილებელი ხდება, რაც განათლების სისტემის და ამ შემთხვევაში, უმაღლესი განათლების სისტემის ფუნქციონირების და სწორი პრიორიტეტების ახლებურ განსაზღვრებებს მოითხოვს. მაგრამ, განათლება უნდა იყოს განმანათლებლური და შესაბამისად – ჰუმანისტური და არა მხოლოდ ცალკეული სოციალური ჯგუფებისათვის, არამედ ყველასთვის ხელმისაწვდომი, რათა ეს და მსგავსი პრობლემები დროულად და კარგი შედეგებით დასრულდეს.

     საჭიროა მოკლედ განხილულ იქნას თუ როგორ შეხვდა საქართველო კორონავირუსს და რა პესპექტივები აქვს ქვეყანას განსაზღვრული კრიზისის დაძლევის შემდგომ მყარი და გრძელვადიანი განვითარებისათვის, რათა მსოფლიოს (კაცობრიობის) მომავალ გამოწვევებს უფრო მომზადებული შეხვდეს.
     რაც შეეხება მიმდინარე პრობლემას – კრიზისის მართვას, უნდა ითქვას, რომ, ამ თვალსაზრისით, საქართველოს მთავრობის ქმედებები მინიმუმ, ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიო მასშტაბით. ყოველი ნაბიჯი, რომელიც მთავრობამ ზოგადად გადადგა, არის კარგად გააზრებული, ორგანიზებული და დროული. ამ კუთხით, მისთვის პრეტენზიის წაყენება გონებრიობის ფარგლებში მასთან ყველაზე დაპირისპირებულ ძალასაც გაუჭირდება. თავად სამედიცინო და პოლიტიკური ხელმძღვანელობა პროფესიულად და ეფექტიანად მუშაობს, მაგრამ მიუხედავად სოციალ-პოლიტიკურ სისტემებს შორის განსხვავებისა, მსოფლიოს ყველა ქვეყანა ერთნაირი მეთოდებით იბრძვის ამ გამოწვევის წინააღმდეგ – თუმცა, ეფექტურობის და დროულობის სხვადასხვა მაჩვენებლით.
უფრო მნიშვნელოვანია, რომ როგორც მთავრობამ, ისე საზოგადოებამ დაიწყოს სერიოზული ფიქრი, და მეტიც, შემუშავება პოსტ-კრიზისულ პერიოდში ქვეყნის განვითარებისათვის, რა შემთხვევაშიც მინიმუმამდე უნდა შემცირდეს იმ შეცდომათა რიცხვი, რომლებმაც შეიძლება კრიზისის განგრძობის შემთხვევაში და მისი დასრულების შემდგომ, შეაფერხოს ქვეყნის შეძლებისდაგვარად სწრაფი წინსვლა.
პირველი და უმთავრესია, სტრატეგიული გეგმის შემუშავება ინდუსტრიისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის, რითაც ქვეყანამ თვითკმარი არსებობა არა მხოლოდ გლობალური და ლოკალური კრიზისების დროს უნდა შეძლოს, არამედ ჩვეულებრივი, ნორმალური მდგომარეობის დროსაც. ამ თვალსაზრისით, ძალზე საყურადღებო და იმედის მომცემია, რომ მთავრობის წარმომადგენლებმა უკვე გააკეთეს შესაბამისი განცხადებები.[3]

გასათვალისწინებელია, რომ ამგვარი სტრატეგიული გეგმები საჭიროებენ ღრმა სამეცნიერო კვლევით გაანალიზებას და შესაბამისად, მის შემუშავებაში ჩართულები უნდა იყვნენ მაღალი რანგის სწავლულ-ექსპერტები აკადემიური სივრციდან, რამდენადაც, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, თავად კრიზისმა გამოიწვია მათზე მოთხოვნა მსოფლიო მასშტაბით.

ამასთან, სამართლებრივი და პოლიტიკური სისტემის დახვეწამ ხელი უნდა შეუწყოს ღონისძიებათა ეფექტურად განხორციელებას, რომლებიც აუცილებელია ინდუსტრიისა და სოფლის მეურნეობის სწრაფი განვითარებისათვის. არსებულმა კრიზისმა, მთელ მსოფლიოში და განსაკუთრებით ჩვენში, პირდაპირ თუ ირიბად დააყენა განათლების და განსაკუთრებით უმაღლესი განათლების (რომელიც თავის თავში კვლევასაც მოიცავს) სწრაფი და გონივრული განვითარებისა და რეფორმირების მოთხოვნა.

იმ მიმართულებების ნაცვლად, რომლებიც, დროის მოთხოვნის შესაბამისად, პოპულისტური პროპაგანდის შედეგად იყო წინა პლანზე წამოწეული, როგორებიცაა, მაგალითად, ტურიზმის დარგობრივი მიმართულება, ან ბიზნეს ადმინისტრირება. სწრაფად უნდა შემოტრიალდეს აკადემიური სპექტრი იმ დარგების განვითარებისაკენ, რომლებიც არა მხოლოდ კრიზისული პერიოდისთვის არის გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი, არამედ ზოგადად, ქვეყნის გრძელვადიანი და მდგრადი განვითარებისთვის, როგორებიცაა საინჟინრო ტექნოლოგიური მიმართულებები, აგრარული მეცნიერებები, სამედიცინო მიმართულება და ყველა ის განხრა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური სამყაროს შექმნის საფუძველია.

ეს არ ნიშნავს იმას, რომ რიგი აკადემიური დარგები ამით დაზარალდეს, არამედ მკაფიოდ უნდა დაისახოს პრიორიტეტები. ასევე, ზუსტად უნდა დადგინდეს პრიორიტეტული მიმართულებები არა მხოლოდ დროებითი საჭიროების მიხედვით, არამედ ფუნდამენტური თვალსაზრისით. აგრეთვე, განსასაზღვრია სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლების სტრუქტურა და იურიდიული სტატუსი, რომლებიც ხელს შეუწყობენ ამ სივრცის გამართულად მუშაობას.[4]

ამ კრიზისმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაანახა მსოფლიოს, რომ ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარება მხოლოდ ცოდნის საფუძველზეა შესაძლებელი. ამიტომ, ინდუსტრია, სოფლის მეურნეობა თუ სხვა მიმართულებები, რომლებიც აუცილებელია ქვეყნის განვითარებისა და გრძელვადიან პერსპექტივაში გამართულად არსებობისათვის, მუდმივ ბმაში უნდა იყოს განხილული განათლებისა და კვლევის აკადემიურ სივრცესთან. 

დასკვნა

კორონა ვირუსის ფონზე თუ როგორი იქნება შემდგომი პერიოდის მსოფლიო ეკონომიკის პერსპექტივები შეგვიძლია წარმოვადგინოთ შემდეგნაირად.

  • ეს კრიზისი გამოიწვევს მთელი მსოფლიო ეკონომიკური წესრიგის რესტრუქტურიზაციას;
    • კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლა და მის მიერ გამოწვეული კრიზისი გახდება ჩვენი დროის მთავარი თემა;
    • განვითარებადი ქვეყნების დავალიანება მნიშვნელოვნად გაიზრდება, მაგრამ ამის კიდევ უფრო ნეგატიური მხარე ის არის, რომ ვალი, ინვესტიციების ნაცვლად, სოციალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად და კომპანიების გაკოტრების თავიდან ასაცილებლად ერთჯერადად დაიხარჯება. ხაზგასასმელია, რომ ეს ქმედება ნამდვილად უნდა განახორციელონ განვითარებადმა ქვეყნებმა, რათა გადაარჩინონ მცირე და საშუალო ბიზნესები, ტურისტული და ვაჭრობის სექტორები და აირიდონ მძიმე სოციალური პრობლემები;
    • უფრო მეტი ინვესტიცია ჩაიდება IT-ტექნოლოგიებსა და ხელოვნურ ინტელექტში (განსაკუთრებით, უსაფრთხოების გამო), სამედიცინო აპარატურაში, ჯანდაცვაში, ბიოტექნოლოგიაში და აგრეთვე, სოფლის მეურნეობაში.

თვალსაჩინოა აგრეთვე ზოგიერთი განხორციელებული(ან განსახორციელებელი) ღონისძიების პერსპექტივა:

1.   საზღვრების ჩაკეტვა

პანდემიის დასაძლევად, მსოფლიოს მთავრობებმა დააწესეს შეზღუდვები საზღვრებს გარეთ ადამიანებისა და საქონლის გადაადგილებისთვის. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, დღეს 3 მილიარდზე მეტი ადამიანი ცხოვრობს იმ ქვეყნებში, რომლებიც მთლიანად დახურულია არარეზიდენტებისთვის.

საბოლოოდ საზღვრები გაიხსნება, ტურისტები კვლავ გამოჩნდებიან, მაგრამ ყოფილ სტატუს კვოს აღდგენა ძალიან რთული გახდება და შეიძლება არც აღდგეს. ბიზნესისთვის საქონლის გადაადგილების გამკაცრება საზღვრებს გარეთ ნიშნავს, რომ საჭიროა უფრო მეტად უპირატესობა მიენიჭოს ადგილობრივ პროდუქტებსა და საქონელს, შეიქმნას მდგრადი მიწოდების ჯაჭვები, სადაც მიმწოდებელი ბევრად უფრო ახლოს იქნება საბოლოო ბაზართან და ა.შ. ამიტომაც შესაძლებელია კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში აღდგეს ტენდენცია გლობალიზაციის წინააღმდეგ.

2. მდგრადობა და ეფექტურობა

საკარანტინო შეზღუდვებიც ადრე თუ გვიან მოიხსნება, მაგრამ მეწარმეებს კვლავ მოუწევთ სტრატეგიის შეცვლა. მდგრადობა - ეს იქნება უნარი გაუძლოს შოკს და განკურნოს იგი, რაც  კონკურენციაზე უკეთესი გახდება გადარჩენისა და გრძელვადიანი კეთილდღეობის გასაღების მოსაძებნად. დღეს, პანდემიითა და საზღვრებს გარეთ საქონლის გადაადგილების შეზღუდვით, მრავალი კომპანიის საქმიანობა საფრთხის წინაშეა, ამიტომაც ბევრ კომპანიას არა მხოლოდ ბიზნესის მოდელის შეცვლა მოუწევს, არამედ მისი სრულად გადახედვაც გახდება აუცილებელი.

3. უკონტაქტო ეკონომიკის ზრდა

COVID-19 ხელს შეუწყობს ციფრული კომერციის, ტელემედიცინისა და ავტომატიზაციის მნიშვნელოვან სტიმულს.

მასშტაბური ავტომატიზაცია დაიწყო ჯერ კიდევ COVID-19-მდე. 2017 წლის ბოლოს, მაკკინსის გლობალური ინსტიტუტის მონაცემებით, ყველა სამუშაო ადგილის 60%-ს ავტომატიზირებული ჰქონდა ყველა ძირითადი ამოცანის 30% -ზე მეტი. 2030 წლისთვის ეს გავლენას მოახდენს 400 – დან 800 მილიონ სამუშაო ადგილზე მთელ მსოფლიოში. ბრუკინგის ინსტიტუტის თანახმად, ბოლო 30 წლის განმავლობაში სამივე რეცესიის შედეგად ავტომატიზაციის ტემპი სტაბილურად გაიზარდა და მოსალოდნელია კიდევ უფრო ზრდაც.

ყველა სახის სამუშაო არ შეიძლება ავტომატიზირებული იყოს, მაგრამ ზოგადი ტენდენციები აშკარაა და, სავარაუდოდ, შეუქცევადი გახდება.

4. მთავრობის მეტი ჩარევა ეკონომიკაში

პანდემიის შედეგებიდან გამომდინარე მთავრობების მხრიდან კიდევ უფრო მეტი ჩარევებია მოსალოდნელი ეკონომიკაში (მაგალითად, ინდოეთი უშუალო გზავნილებით ეხმარება გაჭირვებულ მოქალაქეებს, ინდონეზია 10 მილიონ ოჯახზე აფართოებს სოციალურ შეღავათებს. დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი ფარავს COVID-19–ით დაზარალებულ მუშაკთა ხელფასებს (80% –მდე); საქართველო აჩერებს ბიზნესსაც და შემოაქვს სხვადასხვა სახის საგადასახადო შეღავათები და შემწეობები და ა.შ.).

5. მეტი პასუხისმგებლობა ბიზნესის მხრიდან

მას შემდეგ, რაც ბიზნესის ნაწილი, სავარაუდოდ, მთავრობის შეღავათებით იმუშავებს, ეს მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს მთავრობასა და ბიზნესს შორის, ასევე  ბიზნესსა და საზოგადოებას შორის ურთიერთობებზე. შეიძლება უფრო მეტი რეგულაცია იყოს, განსაკუთრებით შრომითი რესურსების მომარაგებასა და უსაფრთხოებაზე. როგორც კორონავირუსის მიერ წამოჭრილ სოციალურ თემებში, მათ მოგვარებაში ბიზნესიც ჩაერთვება.

6. ინდუსტრიის სტრუქტურების შეცვლა, მომხმარებელთა ქცევა, პოზიციები ბაზარზე და მიმზიდველობა.

ბიზნესის ერთ – ერთი მთავარი კითხვა გახდება ის, შეუძლია თუ არა ინდუსტრიას სტრუქტურის შეცვლა და გაჯანსაღება ვირუსით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის შემდეგ? მათ, ვინც მძიმე დარტყმა განიცადა, შესაძლოა გაუჭირდეთ კიდეც თავიანთი ყოფილი პოზიციების დაბრუნება.

მომხმარებელიც გააცნობიერებს საკუთარი ჯანმრთელობისა და პირადი ცხოვრების დაცვის საჭიროებებს, შესაძლებელია ბევრმა დისტანცირების პრაქტიკაც დანერგოს თავის ცხოვრებაში, ზოგიც კიდევ კვების ჩვევებსაც შეიცვლის და სხვა.

7. ოპტიმიზმი

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ანაზღაურდეს ადამიანური და ეკონომიკური ზარალი. მაგრამ კორონავირუსმა შეიძლება გარკვეული დადებითი შედეგიც მოიტანოს. კერძოდ:

ა) მუშაობის სტრატეგიების შეცვლა;

ბ) მუშაობა - ეფექტურად და ბევრად უფრო მაღალი სიჩქარით, მოქნილად;

გ) სამუშაო ადგილების ინოვაციების ტემპისა და მასშტაბების დაჩქარება;

დ) ბიოტექნოლოგიისა და ვაქცინაციის სფეროში ინოვაციების წარმოქმნა;

ე)  გამარტივებული მარეგულირებელი რეჟიმების შექმნა;

ვ) ახალი მკურნალობის მეთოდების დანერგვა;

ზ) უფრო მდგრადი და ეფექტური ჯანმრთელობის სისტემების შექმნა. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. აბესაძე რ. 2020. გლობალიზაცია და პანდემიის ეკონომიკური შედეგები. ჟ.: „ეკონომისტი“. № 2;
  2. კოვიდ 19-ის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიში. 2020.  https://stopcov.ge/Content/files/ govermant--report.pdf;
  3. მექვაბიშვილი ე. 2020. ინტერვიუ გაზეთში  „თბილისის უნივერსიტეტი“  http://newspaper.tsu.ge / ge/news/view/KSIWclIG?fbclid=IwAR0I0aLHMRwe;
  4. პაპავა ვ., ჭარაია ვ. 2020. ეკონომიკური კრიზისი და საქართველოს ეკონომიკის ზოგიერთი გამოწვევა https://www.gfsis.org/ge/publications/opinion-papers;
  5. Марина Стадник, Влияние COVID-19 на мировую экономику, вестник МСФО №3, 03.2020.